მთავარი ფაქტორი, რაც ბიზნესის წარმატებას განაპირობებს, სწორი მარკეტინგული გათვლებია. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის ბიზნესი გაქვთ, თქვენ „მარკეტინგის ბიზნესში“ ხართ.
მარკეტინგის სფეროში ცვლილებები საოცარი სისწრაფით ხდება. წარმატებული ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია, სწორად და დროულად მოახდინოთ ამ ცვლილებების, მომხმარებლის სურვილებისა და ტრენდების იდენტიფიცირება და მათი დაკმაყოფილება. ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა, როგორც ბრაიან თრეისი ამბობს, „საბედნიეროდ, არ არსებობს ლიმიტი, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ, გარდა იმ ლიმიტისა, რასაც საკუთარ თავს დაუწესებთ.“
იმისათვის, რომ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ, სასურველია, აქტიურად გაეცნოთ სიახლეებს, სხვადასხვა კომპანიის გამოცდილებასა და თქვენი სტრატეგიაც შესაბამისად განაახლოთ. ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ბიზნესლიტერატურის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სასიამოვნო საშუალებაა.
გაგაცნობთ 5 წიგნს, რომელიც მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი და ქართულადაც ხელმისაწვდომია:
1. ლურჯი ოკეანის სტრატეგია
„ლურჯი ოკეანის“ სტრატეგია უკვე კლასიკად ქცეული მეთოდოლოგიაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ისე შექმნან, ან გარდაქმნან თავიანთი პროდუქტები, თუ სერვისები, რომ კონკურენცია არააქტუალური გადახონ. წიგნში მოცემული მაგალითები და დეტალურად განხილული პროცესი დაგეხმარებათ იოლად დაგეგმოთ მსგავსი პროცესი თქვენს ორგანიზაციაში და ყოველდღიურად გამოიყენოთ „ლურჯი ოკეანის“ მიდგომა თქვენი მენეჯმენტის პროცესში.
„ამ წიგნმა შეცვალა ჩვენი კომპანიის ცხოვრება, დამოკიდებულება ზოგადად ბიზნესის მიმართ და ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის სერიოზული ბიძგი მოგვცა“ - აღნიშნავს ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი.
2. მარკეტინგი
ბრაიან თრეისის მორიგი ბესტსელერია. წიგნში შესულია 21 მარკეტინგული სტრატეგია, პრაქტიკული მაგალითები და რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებით დაგეგმოთ თქვენი აქტივობები და დამკვიდრდეთ ბაზარზე.
„ბრაიან თრეისი წიგნში „მარკეტინგი“ ბევრი საინტერესო იდეის, სტრატეგიისა და მიდგომის შესახებ გასაგებად გიყვება. რაც მთავარია ეს ყველაფერი ისეა გადმოცემული, რომ მათი პრაქტიკაში დანერგვა სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, თუ გსურთ გაიგოთ იმ ახალი პრინციპების შესახებ, რომლებიც თქვენი კომპანიის ცნობადობის, პროდუქტზე მოთხოვნისა და მოგების გაზრდას უზრუნველყოფს, გირჩევთ, დღესვე დაიწყოთ ამ წიგნის კითხვა“ - დავით კენჭაძე, „DK კაპიტალის“ გენერალური დირექტორი.
3. მარკეტინგული ომები
„მარკეტინგი არის ომი, სადაც კონკურენტი მტერია, მომხმარებელი კი, დასაპყრობი ტერიტორია”. სწორედ ამ ომში თამაშის წესებსა და ტაქტიკებს გაგაცნობენ „მარკეტიგული ომების“ ავტორები.
ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის - თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული - მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს. წიგნში ასევე გაეცნობით რჩევებს იმაზე, თუ რომელი სტრატეგიის არჩევა ჯობს თქვენი კომპანიის შემთხვევაში მისი ზომიდანა და საქმიანობიდან გამომდინარე.
„მარკეტინგულ ომებში“ ასევე წარმოდგენილია ბოლო სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებური, ღრმა ანალიზი, რჩევები ისეთი კომპანიების ქეისებზე დაყრდნობით, როგორებიცაა Volkswagen-ი, Sony, Coca-Cola, Budweiser-ი, IBM-ი, McDonald’s-ი და სხვ.
4. Buy-ოლოგია
„მარტინ ლინდსტრომის წიგნი „BUY-ოლოგია“ იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებთ. ლინდსტრომის აზრით, ტრადიციული სამომხმარებლო ბაზრის კვლევები, რომლებსაც ორგანიზაციის მარკეტინგის მენეჯერები ატარებენ, რეალურად არ გვაძლევს ზუსტ პასუხს, რატომ ყიდულობენ ადამიანები ამა თუ იმ პროდუქტს. არა იმიტომ, რომ ადამიანები იტყუებიან, არამედ მათ უბრალოდ არ იციან, რა დგას მათი გადაწყვეტილების მიღმა. ნეირომარკეტინგი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვიცოდეთ, რა დგას ჩვენი გადაწყვეტილებების მიღმა“. - თორნიკე გურული, კომპანია PSP-ს მარკეტინგის დირექტორი.
წიგნში გაეცნობით ყველაზე მასშტაბური ნეირომარკეტინგული კვლევის შედეგებს, რაც ახლებურად დაგანახებთ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიდგომებს და დაგეხმარებათ უფრო ეფექტიანი სტრატეგიები დაგეგმოთ თქვენი პროდუქტისა თუ სერვისების გაყიდვების გასაზრდელად.
5. მარკეტინგი მარტივად
თუ გინდათ, მარტივად და მაქსიმალურად მოკლედ გაეცნოთ ინფორმაციასა და რჩევებს იმაზე, თუ როგორ: შეადგინოთ მარკეტინგული გეგმა, გამოიყენოთ სოციალური მედია ეფექტიანად, აამუშაოთ წარმატებული ვებ-მარკეტინგი და იზრუნოთ მომხმარებელთან ურთიერთობებზე, მაშინ ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო აუცილებლად თქვენი სამაგიდო წიგნი გახდება. „მარკეტინგი მარტივად“ საინტერესო და ინფორმაციული იქნება, როგორც დამწყები სპეციალისტისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში.
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებაც. მარკეტინგის თემაზე დაწერილ რომელ წიგნს გაუწევდით რეკომენდაციას და ისურვებდით, მის ქართულ ენაზე გამოცემას?
წყარო: bpn.ge
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->