ახალ სტივ ჯობსად წოდებული მეცნიერი და გამომგონებელი ილონ მასკი რეჟისორმა ფილმში "რკინის ადამიანი" მთავარი გმირის პროტოტიპადაც კი გამოიყვანა, ხოლო პერსონაჟის განსახიერება მსახიობ რობერტ დაუნი-უმცროსს მიანდო. რაც შეეხება თავად ჩვენი წიგნის გმირის რკინისებურ და იმავდროულად შემოქმედებით ბუნებას, მისი ცხოვრებისეული წარმატებებისა თუ შეცდომების კვალდაკვალ შეიძლება ბევრი საინტერესო "ფორმულა" ამოკრიფო, რაც მილიარდერობისა თუ არა, საზოგადოდ, წარმატების მიღწევაში გამოგადგება ადამიანს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წესს შემოგთავაზებთ, დანარჩენად კი, თავად განსაზღვრეთ, რა უფრო მოუხდება თქვენს ცხოვრებას:
1. დასვით მართებული კითხვები
როდესაც მასკს გარდატეხის ასაკის დეპრესია დაეწყო, იგი ფილოსოფიურ და რელიგიურ წიგნებს მიეძალა და სწორედ ამ ლიტერატურამ მიიყვანა ჭემარიტებამდე - “ადამიანის აზროვნება ისე უნდა გავაფართოოთ, რომ მან მართებული კითხვები დასვას... კოლეჯში სწავლისას განუწყვეტლად ვფიქრობდი და მთავარი კითხვაც მაშინ გამიჩნდა: ადამიანის ბედზე რა მოახდენს დიდ ზეგავლენას?” პასუხიც მალევე იპოვა: ეს იქნებოდა ინტერნეტი, განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება და ადამიანების სხვა პლანეტებზე გადასახლება. მასკმა გადაწყვიტა, ამ მიმართულებების გასავითარებლად საკუთარი წვლილი შეეტანა და საამისოდ ფულის შოვნის გზებიც იპოვა.
2. ანალოგებით ნურაფერს განსაზღვრავ - უპირველესად, შენ ირგვლივ არსებული რეალობა შეაფასე საფუძვლიანად
ამ საკითხს ილონ მასკი ჭეშმარიტი ინოვაციების გზაზე უდიდეს დაბრკოლებად მიიჩნევს. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში კოსმოსი კერძო ბიზნესისთვის სრულიად მიუწვდომელი ჩანდა. მისი დაპყრობა გიგანტურ ბიუჯეტსაც გულისხმობდა. მეცნიერი დარწმუნებული იყო, კოსმოსური ფრენების მისიის შეცვლით ორბიტაზე მხოლოდ ასტრონავტებისა და ტვირთის გადასხმა კი არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, არამედ - სხვა პლანეტების კოლონიზაცია, თანაც - ეკონომიკურად. სწორედ ამიტომ შექმნა SpaceX-ი.
თავად გადაწყვეტილი აქვს, პლანეტა მარსზე იცხოვროს და იქვე მოკვდეს.
3. იოცნებე, რადგან რეალობის შელამაზებით შენ ამ რეალობას ცვლი!
ის ელექტროავტომანქანების სერიულ გამოშვებაზე ოცნებობდა და ეს ოცნება აიხდინა! ახლა კი დარწმუნებულია, რომ 20 წელიწადში ყველა მანქანა ელექტრული გახდება და მზადაა, ამისთვის ნაძლევსაც ჩამოვიდეს.
4. უნდა იყო ტომას ედისონი და არა ნიკოლა ტესლა!
“ნიკოლა ტესლა ნამდვილად ღირსია, საზოგადოებამ ღირსეულად დააფასოს, მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, რომ ყოველთვის ედისონი უფრო მომწონდა, რადგან, ტესლასგან განსხვავებით, მან თავისი გამოგონებები მასობრივი და მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი გახადა”, - ამბობს მასკი.
5. ბევრი უნდა იმუშაო... ძალიან ბევრი!
“დილიდან დაღამებამდე ვმუშაობდი და იქვე ვიძინებდი, სადაც ოფისი მქონდა დაქირავებული და შხაპის მისაღებად სტადიონის გასახდელში მიწევდა გასვლა, სამაგიეროდ დავზოგე ფული, რომელიც ნორმალური ბინის დასაქირავებელად უნდა გადამეხადა და ასე ყველაზე რთული ორი წელიწადის განმავლობაში კომპანია წარმატებით ავამუშავე”, - ამბობს ბიზნესმენი. ამიტომ მიაჩნია, რომ თუ წარმატების შანსის გაზრდა გინდა, კვირაში 80-100 საათის განმავლობაშიც კი უნდა იმუშაო.
6. სამყაროს ვერ შეცვლი, თუ არ გარისკე!
სწორედ რისკიანი ნაბიჯებითა და ხშირად არაპოპულარულითაც შეინარჩუნა მასკმა თავისი ბიზნესი.
7. თავიდან ამოიგდეთ ბიზნესის ადმინისტრების შესწავლაზე ფიქრი და საფუძვლიან განათლებას მიეძალეთ!
“საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ცოდნასაც მოგცემთ, განათლებასაც და აზროვნებაშიც დაგეხმარებათ. ამით თქვენ ნებისმიერი სასურველი ბიზნესის აწყობას შეძლებთ”, - ამბობს ილონ მასკი.
სტატია არის ამონარიდი წიგნიდან - ბიზნესის გენია: ილონ მასკი შემდგენელი - ირმა ხარშილაძე რედაქტორი - თეა ბარამაშვილი
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->