თუ მარკეტერი ხარ და არც თუ ისე ბევრი დრო გრჩება ინდუსტრიის სიახლეების გასაცნობად, მაშინ შენი კონკურენტებისთვის ძალიან ადვილი იქნება, რომ უკან ჩამოგიტოვონ. ინდუსტრია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, მოითხოვს, რომ შენც ფეხი აუწყო ამ ტემპს და თვითგანვითარებაზე იზრუნო.
ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს. თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ ბლოგები და ჟურნალები, გახდეთ საინტერესო არხების გამომწერი ან იკითხოთ ლიტერატურა, რომელიც ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და საინტერესო ქეისების გაცნობაში დაგეხმარებათ.
გაგაცნობთ 3 წიგნს, რომლებიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებშია გამოცემული და დაგეხმარებათ, გაეცნოთ მარკეტინგის საინტერესო თეორიებსა და კომპანიების მაგალითებს.
ეს წიგნებია: ჩან კიმისა და რენე მობორნის „ლურჯი ოკეანის სტრატეგია“, ელ რაისისა და ჯეკ ტრაურის „მარკეტინგული ომები“, სეთ გოდინის „იისფერი ძროხა“.
„ლურჯი ოკეანის სტრატეგია“
„ლურჯი ოკეანის“ სტრატეგია უკვე კლასიკად ქცეული მეთოდოლოგიაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ისე შექმნან, ან გარდაქმნან თავიანთი პროდუქტები, თუ სერვისები, რომ კონკურენცია არააქტუალური გადახონ. წიგნში მოცემული მაგალითები და დეტალურად განხილული პროცესი დაგეხმარებათ იოლად დაგეგმოთ მსგავსი პროცესი თქვენს ორგანიზაციაში და ყოველდღიურად გამოიყენოთ „ლურჯი ოკეანის“ მიდგომა თქვენი მენეჯმენტის პროცესში.
„ამ წიგნმა შეცვალა ჩვენი კომპანიის ცხოვრება, დამოკიდებულება ზოგადად ბიზნესის მიმართ და ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის სერიოზული ბიძგი მოგვცა“ - აღნიშნავს ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი.
„მარკეტინგულ ომები“
„მარკეტინგი არის ომი, სადაც კონკურენტი მტერია, მომხმარებელი კი, დასაპყრობი ტერიტორია”. სწორედ ამ ომში თამაშის წესებსა და ტაქტიკებს გაგაცნობენ „მარკეტიგული ომების“ ავტორები. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის - თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული - მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს. წიგნში ასევე გაეცნობით რჩევებს იმაზე, თუ რომელი სტრატეგიის არჩევა ჯობს თქვენი კომპანიის შემთხვევაში მისი ზომიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.
„მარკეტინგულ ომებში“ ასევე წარმოდგენილია ბოლო სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებური, ღრმა ანალიზი, რჩევები ისეთი კომპანიების ქეისებზე დაყრდნობით, როგორებიცაა Volkswagen-ი, Sony, Cola-Cola, IBM-ი, Mcdonalds-ი და სხვ.
„იისფერი ძროხა“
თანამედროვე სამყაროში კონკურენციასთან გასამკლავებლად საჭიროა, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია იყოს მეტი, ვიდრე ტრადიციული P-ების მიდგომა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბაზარი უამრავი პროდუქტითა და სერვისითაა გადატვირთული. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, გახდეთ შესანიშნავი, ანუ, იქცეთ „იისფერ ძროხად“. სწორედ ასე ეწოდება მარკეტინგის გურუდ აღიარებული, არაერთი ბესტსელერის ავტორის, სეთ გოდინის წიგნს, სადაც საუბარია, რისკის სიყვარულზე, სიახლეების ძიებაზე, გამორჩეულის შექმნასა და მარკეტინგის ძველი წესების დავიწყებაზე.
„ეს წიგნი არის მარკეტინგის თანამედროვე პრინციპების შესახებ, რომელიც თავის მხრივ, ამბობს, რომ თუ ადრე, კომპანიები საკუთარი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის პროცესში ბევრ ფულს ხარჯავდნენ, დღეს ეს მიდგომა მოძველებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შემოთავაზებები უამრავია, მარკეტერებისთვის საუკეთესო გამოსავალია შექმნან გამორჩეული, შესანიშნავი პრუდუქტი. შესანიშნავი პროდუქტი კი, როგორც წიგნის ავტორი ამბობს, თავისთავად ხდება სალაპარკო თემა და იდეავირუსივით ვრცელდება საზოგადოებაში. სწორედ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რომ ძლიერი ბრენდები შექმნათ.“ - შოთა ჩინჩალაძე.
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->