• სტატიები თვითგანვითარება
21 რჩევა გაყიდვებში წარმატების მისაღწევად

1. იყავით საუკეთესო: მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გინდათ გახდეთ საუკეთესო სპეციალისტი გაყიდვებში. დაიწყეთ ამაზე მუშაობა და არ გაჩერდეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

2. იმოქმედეთ ისე, თითქოს წაგების შანსი არ არსებობს: გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებთ. თამამად გაუსწორეთ თვალი ყველა დაბრკოლებას, რასაც კი შეუძლია უკან დაგხიოთ და ნახავთ, როგორ გაქრება მარცხისა და უარყოფის შიში.

3. ჩადეთ გაყიდვებში მთელი გული: 100%-ით მიუძღვენით თავი საკუთარ პროფესიას, კომპანიას, პროდუქტს/მომსახურებასა და კლიენტებს. იმუშავეთ მთელი სულითა და გულით.

4. წარმოაჩინეთ თავი ნამდვილ პროფესიონალად: შეხედეთ საკუთარ თავს, როგორც კონსულტანტსა და კლიენტის დამხმარეს. შეხვედრაზე მოიქეცით არა როგორც გაყიდვების აგენტი, არამედ როგორც კლიენტის მრჩეველი.

5. ყოველი ზარისთვის განსაკუთრებულად მოემზადეთ: სანამ კლიენტს პირველად შეხვდებით, გულდასმით მოემზადეთ. გაიგეთ ყველაფერი მისი ბიზნესისა და საქმიანობის შესახებ, რათა მაქსიმალურად დაეხმაროთ.

6. ჩაებით მუდმივი სწავლის პროცესში: ისწავლეთ რაღაც ახალი ყოველდღე, რაც თქვენი გაყიდვების უნარს გააუმჯობესებს. იკითხეთ წიგნები, უსმინეთ აუდიოპროგრამებს, დაესწარით ტრენინგებს.

7. აიღეთ სრული პასუხისმგებლობა შედეგებზე: წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საკუთარი კორპორაცია, რომელზეც პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ. ამგვარად, აღარ დაიწყებთ მიზეზების ძებნას, რატომ ვერ ახერხებთ პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვას და შეეცდებით, მიაღწიოთ პროგრესს თქვენს საქმიანობაში.

8. კარგად დაეუფლეთ ფუნდამენტურ პრინციპებს: ისწავლეთ და ივარჯიშეთ გაყიდვების პროცესის ძირითადი პრინციპების განხორციელებაში. ყურადღება მიაქციეთ თანამიმდევრობას და ნუ გადახტებით ერთი საკითხიდან მეორეზე.

9. დაამყარეთ გრძელვადიანი ურთიერთობები: რაც უფრო მოსწონხართ კლიენტს, მით უფრო ადვილია პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა. დასვით კარგი შეკითხვები, ყურადღებით უსმინეთ პასუხებს და პროდუქტის გაყიდვაზე მეტად თვითონ კლიენტზე გააკეთეთ აქცენტი.

10. იყავით ფინანსური წინსვლის სპეციალისტი: გამონახეთ გზა, როგორ დაანახვოთ თქვენს კლიენტს ის ფინანსური სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შეძენით მიიღებს.

11. გამოიყენეთ ახსნა-განმარტებითი გაყიდვა: ჯერ თვითონ გაარკვიეთ, რა მახასიათებლები აქვს თქვენს პროდუქტს, რომელთა წყალობითაც თქვენი კლიენტის საქმიანობა გაუმჯობესდება, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი თავად კლიენტს აუხსენით.

12. მოიპოვეთ სანდოობა ყველა მიმართულებით: ყველაფერს მნიშვნელობა აქვს! წარმოაჩინეთ საკუთარი თავი სანდო კომპანიის გუნდის წევრად. გამოიყენეთ ყველა მასალა, რომელიც თქვენი და თქვენი კომპანიის რეპუტაციას აამაღლებს.

13. ეფექტიანად გადალახეთ წინააღმდეგობები: ისწავლეთ, როგორ გააქარწყლოთ კლიენტის ეჭვები და წინააღმდეგობები. მოამზადეთ პასუხები სავარაუდო არგუმენტებზე.

14. პროფესიონალურად მოეკიდეთ ფასების საკითხს: იამაყეთ თქვენი პროდუქტითა და მისი ფასით. დაარწმუნეთ კლიენტი, რომ პროდუქტის ხარისხი მასში გადახდილ ფასს შეესაბამება.

15. როგორ დავასრულოთ გაყიდვა: ისწავლეთ გარიგების დადების მეთოდები და ივარჯიშეთ მათ გამოყენებაში. მომავალი მას ეკუთვნის, ვინც ითხოვს და შეკითხვებს სვამს.

16. მნიშვნელობა მიანიჭეთ ყოველ წუთს: დრო თქვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია. რეალურად თქვენ საკუთარ დროს ყიდით. სამუშაო დროის ყოველი წუთი მხოლოდ მუშაობას დაუთმეთ. ნუ დახარჯავთ დროს სამსახურში თანამშრომლებთან ჭორაობაში ან სხვა არაპროდუქტიულ საქმეებში.

17. იმოქმედეთ 80/20 პრინციპით: მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საუკეთესო კლიენტებს. დრო იმის მიხედვით გადაანაწილეთ, თუ რომელ საქმიანობას მოაქვს თქვენთვის შემოსავალი.

18. ყოველთვის სავსე გქონდეთ გაყიდვების ძაბრი: თქვენი საქმე სამი ნაწილისგან შედგება: პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის პრეზენტაციის გაკეთება და შეხვედრის შემდგომი კონტაქტი. თქვენი შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გაართმევთ თავს ამ სამ აქტივობას.

19. დაისახეთ გაყიდვებისა და შემოსავლების მკაფიო მიზნები: გამოთვალეთ, რა შემოსავლის მიღება გსურთ საათობრივად და რა რაოდენობის პროდუქტი უნდა გაყიდოთ, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ. არ გააკეთოთ არაფერი სხვა მთელი დღის განმავლობაში, გარდა იმ საქმისა, რომელიც სასურველ შემოსავალს მოგიტანთ.

20. გონივრულად მართეთ თქვენი ტერიტორია: შეადგინეთ თქვენი შეხვედრების განრიგი ისე, რომ არ მოგიწიოთ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიარულმა. ამგვარად, შეძლებთ, მეტი დრო გაატაროთ კლიენტებთან და ნაკლები დრო დახარჯოთ მგზავრობაზე.

21. გამოიყენეთ წარმატებული გაყიდვის შვიდი საიდუმლო: მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ მოტივაცია და პოზიტიური განწყობა, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაიუმჯობესოთ წარმატების მიღწევისთვის საჭირო უნარები.

გახსოვდეთ, არ არსებობს შეზღუდვა, რომლის გამოც სურვილისამებრ ვერ განკარგავთ თქვენს დროსა და ცხოვრებას. ლიმიტს საკუთარ თავს ჩვენ თავად ვუწესებთ.

გისურვებთ წარმატებას!

ეს არის ამონარიდი ბრაიან თრეისის წიგნიდან „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->