ახლანდელი დიდი გამოცდილების მიუხედავად, ოდესღაც ყველა მენეჯერი ახალბედა იყო. როდესაც მენეჯმენტში ახალი ხართ, შეიძლება გაგიჭირდეთ ამოცანების განსაზღვრა – რა საქმეებია უფრო მნიშვნელოვანი, რა შეიძლება გადავდოთ მომავლისთვის (ან საერთოდ არ გავაკეთოთ). როგორც უნდა იყოს, ვერ გახდებით ეფექტური მენეჯერი, თუ არ გამოყავით „გასაკეთებელი” და „არგასაკეთებელი” საქმეები და მკაფიოდ არ განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები. ამ სტატიაში ჩამოვთვლით 10 რჩევას, რომელიც ყველა დამწყებმა მენეჯერმა უნდა გაითვალისწინოს თავისი პრიორიტეტების განსაზღვრისას.
1. დასახეთ მკაფიო მიზნები და მოლოდინები
თქვენი, როგორც მენეჯერის მოვალეობაა, არსებული ადამიანური რესურსის – ნიჭის, უნარების, გონებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოთ. მოკლედ, თქვენი მენეჯერული მოვალეობის უკეთ შესასრულებლად საქმეების შესრულება უნდა მიანდოთ ადამიანებს, რომელთაც გადაუნაწილებთ დავალებებს. თუმცა, მხოლოდ გადანაწილება და თავის დაიმედება, რომ საქმეები ნამდვილად შესრულდება, არ არის საკმარისი. ამასთანავე, თანამშრომლებს მკაფიო მიზნები და მოლოდინები უნდა დაუსახოთ. თუ თანამშრომლებმა ზუსტად არ იციან, რას ელით მათგან და ამისთვის კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ, თქვენი მოლოდინები არ გამართლება. თუმცა, თუ ზედმიწევნით ზუსტად ეცოდინებათ, რა და როდის უნდა გააკეთონ, ისინი თვითონ განსაზღვრავენ საქმეების პრიორიტეტულობას იმისთვის, რომ დავალებები დათქმულ ვადებში შეასრულონ. ასეთი მიდგომა მათთვის დიდი გამოცდილება იქნება სხვადასხვა ახალი საქმის შესასრულებლად.
2. ნუ გეყოლებათ „ფავორიტები“
გაიხსენეთ სკოლის წლები. იყო თქვენს კლასში ვინმე მასწავლებლის „ფავორიტი“? თუ თქვენ იყავით, ალბათ ამით სარგებლობდით კიდეც. თუ თქვენ არ გქონდათ ეს „სანატრელი მდგომარეობა“, ალბათ არ მოგწონდათ.
იგივე ხდება სამსახურშიც. არავის მოსწონს, როცა მენეჯერს თანამშრომლებს შორის ფავორიტები ჰყავს. რასაკვირველია, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, სხვებთან შედარებით ვინმე მეტად მოსწონდეს, თუმცა მენეჯერი სამუშაო პროცესში ყველა თანამშრომლის მიმართ სამართლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. არ შეიძლება, შეცდომისთვის დასაჯო თანამშრომელი, რომელიც ნაკლებად მოგწონს და მსგავსი შეცდომა აპატიო მეორეს. ასევე, არ შეიძლება ხელფასი მოუმატო, პრემია მისცე ან დააჯილდოო კარგი მუშაობისთვის საყვარელი თანამშრომელი და არად ჩააგდო ისეთივე შედეგების მქონე სხვა რომელიმე.
3. მიეცით კარგი მაგალითი
გამოკვლევების მიხედვით, სამსახურში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები თანამშრომლებს (ნებისმიერ დონეზე) და მათ უშუალო ხელმძღვანელსა თუ მენეჯერს შორისაა. მენეჯერი მაგალითს აძლევს ყველა თანამშრომელს და გავლენას ახდენს მათზე და კოლეგებზე. თქვენი ქცევები პირდაპირი გზავნილია იმის შესახებ, თუ როგორი ქცევაა თქვენთვის მისაღები. თუ თქვენ მუდმივად გაგვიანდებათ სამსახურში, თანამშრომლები იფიქრებენ, რომ დაგვიანება შეიძლება და ისინიც დაიგვიანებენ. თუ თქვენი ურთიერთობები მომხმარებელთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან არაეთიკურია, თანამშრომლები ამას ნორმად ჩათვლიან და ასეთივე ურთიერთობები ექნებათ.
4. გაიცანით თქვენი თანამშრომლები
ოდესღაც, როცა ახალბედა მენეჯერები ვიყავით, ხშირად გვაფრთხილებდნენ, რომ მეგობრული, ახლო ურთიერთობა არ გვქონოდა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან. გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი ურთიერთობები ჩვენს ავტორიტეტს დააკნინებდა და ვერ მოვახერხებდით თანამშრომლების საქმიანობიდან სასურველი შედეგი მიგვეღო. მართვის ეს ძველმოდური ფილოსოფია დღეს ოფიციალურად უარყოფილია. მხოლოდ ავტორიტეტით ადამიანებს ვერ გააკეთებინებთ იმას, რაც გინდათ. თანამშრომლები გადაწყვეტილებების მიღების, მიზნების დასახვის პროცესებში უნდა ჩართოთ. ამ გზით თქვენ ერთად მოინდომებთ და შეძლებთ საერთო მიზნების მიღწევას.
5. წაახალისეთ გუნდური მუშაობა
გონიერი მენეჯერები ხვდებიან, რომ თანამშრომელთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობებით ბევრად უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე მათ შორის კონფლიქტებით. ჩვენს დროში ბევრი საქმე გუნდური მუშაობის საფუძველზე კეთდება და ბევრ ორგანიზაციაში იცვლება ბიზნესის კეთების მეთოდები. ბევრი ორგანიზაცია აფასებს არა თანამშრომლის ინდივიდუალურ, არამედ თანამშრომლის მიერ გუნდის მუშაობაში შეტანილ წვლილს. მენეჯერმა უნდა წაახალისოს გუნდური მუშაობა. ყურადღებით შეაფასეთ ცალკეული დავალების სპეციფიკა და განსაზღვრეთ, კონკრეტულ საქმეს გუნდი უკეთ შეასრულებს თუ ინდივიდუალური თანამშრომელი. დააჯილდოეთ თანამშრომლები, როდესაც გუნდური მუშაობის უნარებს გამოამჟღავნებენ – ეს უნარები ნებისმიერ საქმიანობას ესაჭიროება.
სტატია არის ამონარიდი "ლურჯი ოკეანის" წიგნიდან - მართვა მარტივად
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->