"ომი - კონკურენციის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ადამიანური ინტერესებისა და ქმედებების ბრძოლაა", - კარლ ფონ კლაუზევიცი მარკეტინგის სწორად მართვა ერთგვარი ომია, რომელშიც წლებია ათობით ათასი კომპანიაა ჩართული. ბიზნესში ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ბაზრის ორი მოთამაშე სწორად, წესების სრული დაცვით აწვდის მომხმარებელს პროდუქციას თუ მომსახურებას, მაგრამ ორიდან მხოლოდ ერთი კონკურენტი კომპანიაა გამარჯვებული მარკეტინგულ ომში. კონკურენტთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი მარკეტინგული ომებია, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე ძალაა ჩაბმული: თქვენი მთავარი მეტოქე - კონკურენტები, თქვენი პროდუქციის მომხმარებლები და სხვა რესურსები, იგივე მომწოდებლები და შუამავლები. ჯერ კიდევ 1986 წელს ორმა ამერიკელმა მკვლევარმა - ელ რაისმა და ჯეკ ტრაუტმა გამოიტანეს ვერდიქტი, რომ მარკეტინგი ომია და თავიანთ წიგნში „მარკეტინგული ომები“ განაცხადეს, რომ „მარკეტინგი ეს ომია, სადაც კონკურენტი მტერია, მომხმარებელი კი, დასაპყრობი ტერიტორია“. უკვე წლებია „ხელჩართულ“ მარკეტინგულ ომებს ისეთი ცნობილი ბრენდები ეწევიან, როგორებიც „კოკა კოლა“ და „პეპსი“, Apple და მაიკროსოფტი, „ბურგერ კინგი“ და „მაკდონალდსი“ არიან. თუმცა, ლიდერი ამათ შორის „კოკა კოლასა“ და „პეპსის“ 100-წლიანი დაპირისპირებაა. საუკუნეზე მეტია, მსოფლიოს ეს ორი ცნობილი ბრენდი ერთმანეთს პლანეტის ყველაზე პოპულარული უალკოჰოლო სასმელის ტიტულისთვის ებრძვის. მრავალწლიანი კვლევებისა და დეგუსტაციების შედეგად, დადასტურებულია, რომ „კოკა კოლასა“ და „პეპსის“ გემოს შორს სხვაობა არ არის და კომპანიები ერთმანეთს არა გემოვნური თვისებების დამტკიცებაში, არამედ სარეკლამო კამპანიებში ებრძვიან. ამერიკელი მკვლევარების „მარკეტინგული ომები“ გამოსვლისთანავე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. წიგნმა თავის დროზე მარკეტინგული გადატრიალება მოახდინა მარკეტოლოგებში და კონკურენტული ომების მეთოდოლოგიაში. „მარკეტინგული ომები“ მსოფლიოში ათობით ათასი პროფესიონალის სამაგიდო წიგნი გახდა და დღეს ფაქტობრივად, შეუძლებელია იპოვოთ მარკეტინგის სპეციალისტი, კომპანიის ხელმძღვანელი ან მენეჯერი, რომელიც წიგნს ყოველდღიურ საქმიანობაში არ იყენებს. „წიგნში მრავლად არის მოყვანილი წარმატებული და წარუმატებელი მარკეტინგული კამპანიების მაგალითები, რისი წყალობითაც „მარკეტინგული ომები“ ძალიან საინტერესო წასაკითხია“, - წერდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა USA Today. “ბიზნეს ვიკმა“ კი მას „რევოლუციური და საოცარი“ უწოდა. ელ რაისი ატლანტაში დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიის კომპანია Rise&Rise-ის თავმჯდომარეა. კომპანიას ის თავის შვილსა და პარტნიორთან, ლაურასთან ერთად მართავს. რაისი ლეგენდარული სტრატეგია მარკეტინგის სფეროში და მარკეტინგის თემაზე დაწერილი 11 წიგნის ავტორი და თანაავტორია, ასევე უძღვება ყოველთვიურ მარკეტინგულ განყოფილებას AdAge.com-ზე. ჯეკ ტრაუტი Trout&Partners Ltd.-ის პრეზიდენტია და ექსპერტების გლობალურ ქსელს ხელმძღვანელობს, რომელიც მის პრინციპებსა და მეთოდოლოგიას მთელ მსოფლიოში ნერგავს. ტრაუტი საყოველთაოდ აღიარებულია მოწინავე სტრატეგად მარკეტინგის სფეროში, მისი „პოზიციონირების“ კონცეფცია ნომერი პირველი ბიზნესსტრატეგიაა მსოფლიოში. წიგნში, რომელშიც ავტორები 20 წლის განმავლობაში ჩატარებუილ მარკეტინგული კამპანიებს იხსენებენ, რაისი და ტრაუტი სამხედრო მწერლისა და ოფიცრის კარლ ფილიპ გოტლინ ფონ კლაუზევიცის სამხედრო თეორიას დაეყრდნენ. გერმანელი ოფიცრის კლასიფიკაციის თანახმად, „მარკეტინგულ ომებში“ ავტორებმა ოთხი სამხედრო პოზიცია: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული პოზიცია გამოყვეს და მკითხველს უკანასკნელი სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებური, ღრმა ანალიზი, რჩევები შესთავაზეს. „ბრძოლის დაწყებამდე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი მოქმედი პოზიცია მომავალ ბრძოლის ველზე, კონკრეტულად კი თქვენი პროდუქტის ან მომხმარებლის ტვინში. ამ ბრძოლის ყველაზე მშვიდობიანი გზა მარკეტინგული კვლევის ჩატარებაა“, - აღნიშნავენ ავტორები. „მარკეტინგული ომების“ წაკითხვა ქართველ მკითხველს უკვე მშობლიურ ენაზეც შეუძლია. გამომცემლობა „პალიტრა L”-მა წიგნა ქართულ ენაზე თარგმნა და ბიზნეს ლიტერატურილი სერიით„ლურჯი ოკეანე“ გამოსცა. „მარკეტინგული ომები“ წიგნის მაღაზიებში უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
წყარო: www.bpn.ge
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->